დამაჯერებელი გამარჯვება ტაჯიკეთთან - ევრო 2022-მდე ფუტსალის ნაკრები ბოლო სპარინგებს მართავს [ფოტო] #1TVSPORT
დამაჯერებელი გამარჯვება ტაჯიკეთთან - ევრო 2022-მდე ფუტსალის ნაკრები ბოლო სპარინგებს მართავს [ფოტო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ამხანაგურ მატჩებს თბილისში მართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებს თბილისის სპორტის სასახლეში შეხვდა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.

თუმცა, ანგარიში მე-4 წუთზე სტუმართა შემტევმა უმედ კუზიევმა გახსნა. მე-12 წუთზე ელისანდრომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 30 წამში საქართველოს ნაკრები თალესმა დააწინაურა. ტაჯიკებმა გაიბრძოლეს და მე-13 წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა 2:2.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში ნაკლები შეცდომა დაუშვა, შეტევაში კი აგრესიულად ითამაშა და შოთა თოფურიას (24), თალესის (26), ნიკოლოზ კურტანიძის (34) და არჩილ სებისკვერაძის (40) გოლებით 6:2 გაიმარჯვა.


საქართველო – ტაჯიკეთი 6:2


საქართველო: ზვიად კუპატაძე, თალესი, შაგინია, არჩილ სებისკვერაძე, ელისანდრო – თორნიკე ბუკია, ალექსანდრე ჯამბურია, შოთა თოფურია, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე, ნიკოლოზ კურტანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი


საქართველოს ნაკრები ტაჯიკეთს მეორე ამხანაგურ მატჩში ხვალ, 16 იანვარს ისევ თბილისის სპორტის სასახლეში დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს. ჯგუფურ ეტაპზე ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები აზერბაიჯანს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩები 22, 26 და 29 იანვარს გაიმართება.