დაკარგვის საფუძვლით პასპორტის აღების წესი იცვლება, რის მიზეზადაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სახელდება
დაკარგვის საფუძვლით პასპორტის აღების წესი იცვლება, რის მიზეზადაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სახელდება

დაკარგვის საფუძვლით პასპორტის აღების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

კანონპროექტით მიხედვით, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან ამ გარემოების თაობაზე, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიიღება. ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტი გარდამავალი ხასიათის ნორმას ითვალისწინებს, რომლის გათვალისწინებით, კანონის ამოქმედებამდე მიღებულ განცხადებაზე ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ გავრცელდება.

„კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პრაქტიკაში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის დაკარგვის საფუძვლით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ის პირებიც მიმართავენ, რომლებსაც დოკუმენტი რეალურად არ დაუკარგავთ და შემდგომ ამ დოკუმენტებით ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას – როგორც საქართველოდან გასვლას, ასევე შენგენის ზონაში გადაადგილებას. ის გარემოება, რომ უცხო ქვეყანაში ხშირად ვერ ხერხდება მოქმედი დოკუმენტის იდენტიფიცირება, პრობლემებს უქმნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.

წინამდებარე ცვლილებაზე მუშაობის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული ის პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული თუ სხვა სახის სარგებელი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო და მისი თითოეული მოქალაქე იღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შედეგად. აგრეთვე, ის დიდი შრომა და ძალისხმევა, რომლის გაწევაც მოუხდა ქვეყანას ამ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პრივილეგიის მოსაპოვებლად. არ შეიძლება, ეს ისტორიული მიღწევა – ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შესაბამისად, ამ მიღწევის დაცვისთვის აუცილებელია, დოკუმენტის ბოროტად გამოყენების მაქსიმალური პრევენცია და ამ მიზნით პასპორტის გაცემის პროცესის მუდმივი მონიტორინგი და სრულყოფა.

ამავდროულად, იმისათვის, რომ მითითებული ცვლილებით გათვალისწინებული რეგულაცია ტვირთად არ დააწვეს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, პროექტით გათვალისწინებულია პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება 11 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.