დაღესტანში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს
დაღესტანში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

„ბიბისის“ ცნობით, რეგიონულ დედაქალაქ მახაჭყალაში რუსეთის პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკებსა და ხელკეტებს იყენებენ.

დაღესტნის დედაქალაქში კიდევ ერთ აქციაზე სამხედრო გაწვევის ცენტრთან ქალების მიერ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა. აქციაზე უკრაინასთან ომი საჯაროდ დაგმეს.

„რუსეთი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა. რატომ მიგყავთ ჩვენი შვილები? ვინ დაგვესხა თავს? რუსეთს დაესხნენ თავს? ისინი არ მოსულან ჩვენთან, ჩვენ ვესხმით უკრაინას თავს. რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. შეაჩერეთ ომი“, – აცხადებდნენ ქალების აქციაზე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ენდირეიში მოქალაქეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის რეგიონებს შორის ყველაზე მეტად დაღესტანი დაზარალდა.