დაძაბული ბრძოლა და მე-5 მოგება ნაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა ვაკამოტოჰარუ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სუმოს სუპერტურნირი მიმდინარეობს. მე-9 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და აბისეტაოშით დაამარცხა.

ბრძოლა 35 წამზე დიდი ხანი გაგრძელდა. თავიდან ორივე მათგანმა მოახერხა მეტოქის მავაშის აღება და მებრძოლები რამდენიმე წამის განმავლობაში სტატიკურ მდგომარეობაში იდგნენ. ბოლოს ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს დოჰიოდან გადაყვანას ცდილობდა, მეტოქემ რთული მდგომარეობიდან თავის დაძვრენა ვერ მოახერხა და საბოლოო ჯამში, მძიმე ტრავმას გადაურჩა.

ლევან გორგაძეს ამ მოგების შემდეგ 5 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა. ხვალ, 17 მაისს მისი მეტოქე სადანოუმი იქნება.