დადიანების სასახლეში მომხდარ ფაქტზე ლევან თორია პასუხისგებაში მისცეს
დადიანების სასახლეში მომხდარ ფაქტზე ლევან თორია პასუხისგებაში მისცეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მომხდარ ფაქტზე სანდრა რულოვსის თანმხლები პირი ლევან თორია პასუხისგებაში მისცეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან თორია 17 მაისს მისცეს პასუხისგებაში. მას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლევან თორიამ მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

ლევან თორია ტელე-რადიოკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტია, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს ინციდენტის დღეს დადიანების სასახლის ეზოში თან ახლდა და, როგორც თავად აცხადებს, მასთან ინტერვიუს წერდა.

ლევან თორია დღეს ზუგდიდის მთავარ სამმართველოში რვა საათის განმავლობაში იკითხებოდა. თორია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ თავს იცავდა. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა დღეს მეორედ მოწმის სახით დაკითხეს „ოდიშის“ ოპერატორი ზვიად აბლოთია.

ლევან თორია ტელეკომპანია  „ოდიშში“ გადაცემა „ლუსტრაციის“ წამყვანია. არსებული ინფორმაციით, თორია საზღვარგარეთ ცხოვრობდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და აღნიშნულ ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. ამასთან, დღეს რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თორია ერთ-ერთ პირს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

დადიანების სასახლეში მომხდარ ფაქტზე ასევე დაკავებულია გელა კვარაცხელია, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დღეს პატიმრობა შეუფარდა.