დაჩი ლორთქიფანიძე - „კრემონეზეს“ მთავარ გუნდში შანსს ველოდები #1TVSPORT
დაჩი ლორთქიფანიძე - „კრემონეზეს“ მთავარ გუნდში შანსს ველოდები #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნახევარმცველმა დაჩი ლორთქიფანიძემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოლდოვასთან გამარჯვებასა (2:1) და ელიტ რაუნდში გასვლაზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

„კრემონეზეს“ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანმა ასევე ისაუბრა იტალიური კლუბის მთავარ შემადგენლობაში დაწინაურებაზე.

„პირველი შეხვედრა კვიპროსთან კარგად ჩავატარეთ, ელიტ რაუნდში გასასვლელად მეორე ტურშიც მოგება გვჭირდებოდა. მოლდოვასაც შანსი ჰქონდა და თავიდანვე ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა. ამიტომ მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

თამაში დაძაბული გამოვიდა, მოლდოველები თავიდანვე ჩვენ პროვოცირებას ცდილობდნენ. მიზეზის დასახელება გამიჭირდება, ჩვენ ამის საბაბი არ მიგვიცია. ვფიქრობ, მათ გამომწვევ საქციელზე სწორი რეაქცია გვქონდა.

მალე ესპანეთთან მატჩია, პირველ ადგილზე გასვლა კი დიდი სტიმული იქნება. ახლა მიზანი მიღწეულია და ესპანეთთან ბოლო შეხვედრაში შეგვიძლია, უფრო თავისუფლად ვითამაშოთ, რადგან აუცილებლად მოგება არ მოგვეთხოვება. ესპანეთთან შეხვედრაშიც წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

„კრემონეზეს“ მეორე გუნდიდან ძირითადში გადასვლა რამდენად რეალურია? ამას მეც ველოდები, მაგრამ არ ვიცი, ეს როდის მოხდება. რაც უფრო მალე მომცემენ შანსს, ჩემთვის უკეთესი იქნება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დაჩი ლორთქიფანიძემ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრას ესპანეთთან 21 ნოემბერს „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩაატარებს.