დაჩი ცნობილაძე მოედანს დაუბრუნდა - იმედია, საბურთალოს ჩემპიონატის ბოლოს დავეხმარები
დაჩი ცნობილაძე მოედანს დაუბრუნდა - იმედია, საბურთალოს ჩემპიონატის ბოლოს დავეხმარები

„საბურთალოს“ მცველი დაჩი ცნობილაძე 25 აგვისტოს, „რუსთავთან“ მატჩის 26-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. 24 წლის ფეხბურთელს კოჭის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც დაახლოებით 40 დღე იძულებით დაისვენა.

ცნობილაძე მოედანს მხოლოდ ახლა დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

„მიხარია, რომ მოედანს დავუბრუნდი. სრულად გამოვჯანმრთელდი და თავს კარგად ვგრძნობ. თვენახევრის განმავლობაში იძულებით დასვენება მომიხდა და თამაშების ტრიბუნიდან ყურება. იმედია, გუნდს ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე მაინც დავეხმარები,“ – ამბობს ცნობილაძე.

ეროვნული ლიგის გათამაშების მოთამაშე იმედოვნებს, რომ „საბურთალო“ ჩემპიონი გახდება: „ძალიან რთული იყო. ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი. ჩვენი მიზანი ქულათა მაქსიმუმის აღება და ჩემპიონობაა. ყველანაირად ვეცდებით, რომ სეზონის ბოლოს სასურველ შედეგს მივაღწიოთ.“