ცსკა-მ რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა, „ფენერბახჩემ“ „უნიკახასთან“ წააგო

00:42, 06.04.2018

საკალათბურთო ევროლიგის მიმდინარე რეგულარული სეზონის ბოლო ტურის ორი მატჩი უკვე დასრულდა. მოულოდნელი მარცხი განიცადა მოქმედმა ჩემპიონმა. „ფენერბახჩემ“ საკუთარ დარბაზში გიორგი შერმადინის „უნიკახასთან“ ოვერტაიმში, ანგარიშით 91-99 წააგო.

შერმადინს, ტრავმის გამო, კვლავ არ უთამაშია. ქართველი ცენტრი მოედანს დაახლოებით სამ კვირაში დაუბრუნდება.

დღევანდელი მატჩის ძირითადი დრო 83-83 დასრულდა. დამატებით ხუთწუთიან მონაკვეთში კი, ნემანია ნედოვიჩის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, მალაგელებმა საბოლოო წარმატებას მიაღწიეს. ნედოვიჩმა შეხვედრა 31 ქულით, რვა პასით და ოთხი მოხსნით დაასრულა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა. სტამბოლელთა შორის ბერძენი უკანახაზელი, კოსტას სლუკასი გამოირჩა 26 ქულითა და შვიდი შედეგიანი გადაცემით.

„ფენერბახჩემ“ რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ მოსკოვის ცსკა-ს ჩამორჩა. რაც შეეხება „უნიკახას“, ესპანურმა გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა და სეზონი მეცხრე პოზიციაზე დაასრულა.

მოსკოვის ცსკა-მ დღეს 30-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ მიიღო და ბოლო მეოთხედში მოპოვებული გადამწყვეტი უპირატესობის ხარჯზე, ანგარიშით 92-81 დაამარცხა. ნანდო დე კოლოს არყოფნაში გამარჯვებულთა შორის, 20 ქულით, საუკეთესო ვიტალი ფრიძონი გახდა. 18 ქულა მოიპოვა კორი ჰიგინსმა. დიმიტრის იტუდისის გუნდმა რეგულარული სეზონი 24 მოგებით და მხოლოდ ექვსი მარცხით დაასრულა.

მსგავსი