„ცსკა“-მ ლიდერობა განიმტკიცა, დე კოლო საუკეთესოა
„ცსკა“-მ ლიდერობა განიმტკიცა, დე კოლო საუკეთესოა

საკალათბურთო „ევროლიგის“ 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი, მოსკოვის „მეგასპორტ არენაზე“ შედგა, სადაც „ცსკა“-მ პირეოსის ოლიმპიაკოსი მიიღო.

ლიდერების და მიმდინარე ტურნირის ფავორიტების დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სოლიდური სხვაობით დაწინაურებას, ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა. მესამე მეოთხედის ბოლო, გეორგიოს პრინტეზისის შესანიშნავი თამაშის წყალობით, ბერძნული კლუბი მხოლოდ ერთ ქულას აგებდა, თუმცა დარჩენილ დროში მოსკოველებმა მცირე გაქცევა მოაწყვეს და დასკვნით პერიოდს კომფორტული უპირატესობით შეხვდნენ.

ამ „სპურტის“ მთავარი შემოქმედი ნანდო დე კოლო გახდა. ფრანგმა უკანახაზელმა თამაში 25 ქულით, 5 მოხსნით და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. 14 ქულა მოიპოვა კორი ჰიგინსმა, ხოლო სერხიო როდრიგესის ანგარიშზე, 13 ქულა დაფიქსირდა. საბოლოოდ 89-81, მასპინძელთა სასარგებლოდ. დამარცხებულთა შორის საუკეთესო პრინტეზისი იყო.

ბერძენმა ფორვარდმა 24 ქულა და 5 მოხსნა გაიფორმა. ამ შედეგის შემდეგ, „ცსკა“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და დიდი ალბათობით, რეგულარულ სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს.

„ოლიმპიაკოსი“ მესამე პოზიციას ინარჩუნებს. ორივე გუნდს, პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს.