„ცრვენა ზვეზდა“ ბათუმის „დინამოს“ 300 ათას ევროს გადაუხდის - აზაროვი სერბებს პირად კონტრაქტზეც შეუთანხმდა #1TVSPORT
„ცრვენა ზვეზდა“ ბათუმის „დინამოს“ 300 ათას ევროს გადაუხდის - აზაროვი სერბებს პირად კონტრაქტზეც შეუთანხმდა #1TVSPORT

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ დიდი ხანი ეძებდა მარცხენა მცველის პოზიციაზე სერბეთის ნაკრების 31 წლის მცველის, მილან როდიჩის ალტერნატივას და საბოლოოდ კანდიდატი საქართველოში ირაკლი აზაროვის სახით აღმოაჩინა, რომელიც უკვე ბელგრადშია – ინფორმაციას გამოცემა Mozzart Sport ავრცელებს.

„საღამოს, როცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე „ცრვენა ზვეზდამ“ „პიუნიკთან“ დამაჯერებელ ტრიუმფს (5:0) მიაღწია, სერბეთის ჩემპიონის ახალი მოთამაშე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი გახდა. საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ მოთამაშე სერბეთში გადმოფრინდა და „პიუნიკთან“ თავისი ახალი გუნდის მატჩს დაესწრო, ხვალ კი კონტრაქტის გაფორმება იგეგმება“, – წერს გამოცემა.

Mozzart Sport-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმების და მოთამაშის პირადი კონტრაქტის პირობებიც ცნობილია.

„გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსფერო ღირებულება 300 000 ევრო იქნება, აზაროვის შემდეგი ტრანსფერის 20%-ს კი ბათუმის კლუბი მიიღებს. მან უნდა გააფორმოს ოთხწლიანი კონტრაქტი და სეზონში 250 000 ევროს მიიღებს“, – ამტკიცებს სერბული გამოცემა.