ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს დედა აცხადებს, რომ მისმა შვილმა პროკურატურასაც და სასამართლოსაც ერთნაირი ჩვენება მისცა
ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს დედა აცხადებს, რომ მისმა შვილმა პროკურატურასაც და სასამართლოსაც ერთნაირი ჩვენება მისცა

ჩემმა შვილმა სრული სიმართლე ილაპარაკა სასამართლომდეც, პროკურატურაში – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს დედამ, ნატო ნახუცრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურორმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ არასრულწლოვნის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება მისთვის მოულოდნელი იყო.

„ბავშვმა სრული სიმართლე ილაპარაკა სასამართლომდე, ანუ პროკურატურაში. პროკურატურის დანაშაულია, რომ ბავშვი არ ჩაწერეს და ჩვენება ოქმად არ გაუფორმეს. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. პროკურატურა იძახის, რომ მოულოდნელი იყო სასამართლოში ბავშვის ნათქვამი, რომელიც აქამდეც იცოდნენ. სასამართლოშიც და პროკურატურაშიც  მან თქვა, რომ ფარდულში კალანდია კუთხეში იდგა”,-აცხადებს ნატო ნახუცრიშვილი.

ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ – ს საქმეზე სასამართლოში დღეს მიხეილ კალანდია და პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაიკითხნენ.