ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთში ითამაშებს #1TVSPORT
ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონის, „იბერიას“ ფეხბურთელი ცოტნე კაპანაძე კარიერას სლოვაკურ „დუნაისკა სტრედაში“ გააგრძელებს. Geo Team-ის ინფორმაციით, რომელიც საქართველოს პირველ არხს კლუბში დაადასტურეს, 23 წლის ფეხბურთელი უკვე შეუერთდა „დუნაისკა სტრედას“, სადაც წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და სლოვაკურ კლუბთან კონტრაქტი 1.5 + ერთი წლით გააფორმა.

Geo Team-ის ცნობით, კაპანაძე სლოვაკურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა „იბერია“, სადაც ის აღიზარდა, კომპენსაციას მიიღებს.

კაპანაძეს კარიერის განმავლობაში უთამაშია „რუსთავში“, თბილისის „ლოკომოტივში“ და „თელავში“. 2023 წელს „იბერიაში“ დაბრუნდა და მას შემდეგ თბილისურ კლუბში თამაშობდა. ცოტნე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში გამოდიოდა. Transfermarkt-ი მისი ტრანსფერის ღირებულებას 350 ათას ევროდ აფასებს.

„დუნაისკა სტრედა“ სლოვაკური საფეხბურთო კლუბია ამავე სახელწოდების ქალაქიდან. 1904 წელს დაარსებული გუნდი ერთ-ერთი უძველესია სლოვაკეთში და ცნობილი იმით, რომ სარგებლობს ქვეყანაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის მხარდაჭერით.

29 იანვარს „დუნაისკა სტრედამ“ 8-დღიანი თურქული შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. სეზონის განახლებამდე ცოტნე კაპანაძის ახალი გუნდი ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო მატჩს დღეს „ბანსკა ბისტრიცასთან“ გამართავს.