ცოტნე კაპანაძე - სანამ რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე არ მოვხვდებით, „დუნაისკა სტრედადან“ წასვლა არ მინდა #1TVSPORT
ქართველმა მცველმა, ცოტნე კაპანაძემ „დუნაისკა სტრედასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სლოვაკურ კლუბთან ერთად ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
კაპანაძე „დუნაისკა სტრედას“ წელს თბილისის „იბერიიდან“ შეუერთდა და კონტრაქტი 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. ახლა 23 წლის ქართველმა მარჯვენა მცველმა ხელშეკრულება კიდევ ორი სეზონით, 2028 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
„მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. „დუნაისკა სტრედაში“ ძალიან ბედნიერი ვარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აქ გადმოსვლა ჩემი კარიერისთვის საუკეთესო არჩევანი იყო. კონტრაქტის გახანგრძლივება რომ შემომთავაზეს, დიდხანს არ მიფიქრია. არ მინდა გუნდიდან წასვლა, სანამ რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე არ გავალთ.
თავიდან ვფიქრობდი, რომ ადაპტაცია რთული იქნებოდა, მაგრამ „დუნაისკა სტრედა“ ერთი დიდი ოჯახივითაა და ამის გამო გუნდს ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად შევეჩვიე. ახალმა კონტრაქტმა კიდევ უფრო თავდაჯერებული გამხადა. შესანიშნავია, რომ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ჩაირიცხა – გიორგი გაგუა ჩემთვის ძმასავითაა და გუნდის წარმატებისთვის ერთად ყველაფერს გავაკეთებთ“, – ამბობს ცოტნე კაპანაძე.
ქართველ მცველთან ხელშეკრულების გახანგრძლივებით გახარებულია კლუბის აღმასრულებელი დირექტორი იან ვან დაელი: „კაპანაძე შრომისმოყვარე და თავდადებული პროფესიონალია, რომელსაც დიდი პოტენციალი და ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ცოტნემ ბოლო თვეებში აჩვენა, რომ შეუძლია, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს. ველით, რომ „დუნაისკა სტრედაში“ კიდევ უფრო განვითარდება“.