ცოტნე გამსახურდია - სალომე ზურაბიშვილის განცხადება მეტყველებს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას თურმე, გააჩნია
ცოტნე გამსახურდია - სალომე ზურაბიშვილის განცხადება მეტყველებს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას თურმე, გააჩნია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა პარლამენტისადმი, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს, მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

„ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადება მეტყველებს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას თურმე, გააჩნია, განსხვავებით ხელისუფლების იმ წევრებისაგან, რომლებიც ხელისუფლებაში, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ბიზნესების „დასაკრიშად“ და ვიწრო კარიერული მიზნებით არიან შესული“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი, ეროვნული უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული, ასევე, ისტორიული მნიშვნელობა და სასიამოვნოა, რომ ხელისუფლებაში ამას აცნობიერებენ.

„ჩვენ, ჩვენს ადვოკატთან, ამირან გიგუაშვილთან ერთად ამ საქმეზე ყველა რესურსი ამოვწურეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობის, პროტესტის, თანამშრომლობის, თხოვნის, იძულების და ა.შ.“ – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ პარლამენტისა და პროკურატურის მიერ გათვალისწინებული იქნება მათ შორის, პრეზიდენტის მიმართვა, ზვიად გამსახურდიას შვილების მოთხოვნები და მოხდა გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივება, როგორი იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი, შეწყვეტენ თუ არა ისინი შიმშილობას, ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, რომ ეს პროტესტის ფორმაა, რომელიც გამოიწვია ვითარებამ, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით დგას და ის გამოძიების გახანგრძლივებისთვის არ სჭირდებათ.

„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ მირჩევნია, მათ ეს საქმე დღეს დახურონ და მეცოდინება, რომ ბრძოლას შემდეგ უკვე, სხვა ფორმატში და სხვა მეთოდებით ვაგრძელებ, ვიდრე ჩვენ და ჩვენს ადვოკატს, კიდევ ხუთი წლის განმავლობაში, ამ საქმეზე იგივე რეჟიმში მოგვიწიოს ყოფნა, როგორშიც აქამდე ვიყავით“, – განაცხადა გამსახურდიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას იმედი, რომ ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვლება, გამსახურდიამ აღნიშნა, რომ ის და მისი ძმა მთავარი პროკურატურის მისაღებში რვა დღეა შიმშილობენ, მაგრამ ჯერჯერობით, მთავარ პროკურორს საჭიროდ არ ჩაუთვლია, მათთვის პოზიტიური მესიჯი გაეგზავნა.

„იმათთან შეხვედრას, ვისთანაც გვთავაზობდნენ, უბრალოდ, არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ჩვენი ადვოკატი, ბატონი ამირანი მას ისედაც ყოველკვირა ხვდება. შეიძლება ითქვას, პროკურატურის მხრიდან არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა. მათი მხრიდან არაფერი კონკრეტული და სერიოზული არ ყოფილა. იყო შეხვედრის შეთავაზება და იმ შეხვედრაზეც მთხოვეს, ტელეფონი დატოვოს, რომ შეხვედრა არ ჩაიწეროსო, მე კიდევ, პირიქით, ამ შეხვედრის დოკუმენტირება მსურს, რადგან მათგან ტყუილებს, სისულელეებს და ბოდიალს დიდი ხანია, ვისმენ და ამის გაგრძელების არავითარი სურვილი არ მაქვს“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.