Corriere dello Sport -ი „ნაპოლი“ - „მილანის“ დაპირისპირებაზე – კვარაცხელიასა და ლეაოს დუელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანახაობა იქნება #1TVSPORT
Corriere dello Sport -ი „ნაპოლი“ - „მილანის“ დაპირისპირებაზე – კვარაცხელიასა და ლეაოს დუელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანახაობა იქნება #1TVSPORT

„ნაპოლი“ და „მილანი“ აპრილში ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდებიან. ერთხელ სერია A-ში და ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე. ამასთან დაკავშირებით Corriere dello Sport-ში საინტერესო წერილი გამოქვეყნდა.

„ნაპოლი“-„მილანი“ – ეს იქნება კვარაცხელია ლეაოს წინააღმდეგ

„ნაპოლი“-„მილანი“ იქნება დუელი ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შორის, რომლებიც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის აპრილის სამი მატჩის მთავარი ფიგურები იქნებიან.

იტალიური ფეხბურთი სავსეა მომხიბლავი ისტორიებით, „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება კი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია. ტიტანების ამ ბრძოლის გმირებს შორის ორი ახალგაზრდა ტალანტია, რომლებიც მარცხენა ფლანგზე თამაშობენ. ორივე იარაღია გამარჯვების გზაზე: „ნაპოლიში“ – კვარაცხელია, „მილანში“ კი – ლეაო.

კვარაცხელია, ანუ „კვარადონა“, როგორც მას თაყვანისმცემლები უწოდებენ, საოცნებო სეზონს ატარებს. ლიგაში 12 გოლით და 10 საგოლე გადაცემით, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ახალგაზრდა ქართველმა ნეაპოლელთა პატივისცემა და აღფრთოვანება დაიმსახურა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სანახაობრივი და კრეატიული თამაშით ნეიტრალური ქომაგების გულიც მოიგო, რომლებიც მისი კლასითა და გამძლეობით აღფრთოვანებულები არიან.

საპირისპირო მხარეს არის რაფაელ ლეაო. ისიც ტალანტია, ასევე ძლიერი და ზუსტი დარტყმით, მაგრამ წელს, კვარაცხელიასგან განსხვავებით, უმაღლეს დონეზე საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ავლენს. მიუხედავად მაღალი კლასისა, პორტუგალიელმა ვერ შეინარჩუნა სტაბილურობა, რასაც მოწმობს მისი 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა იტალიის ჩემპიონატში, ხოლო 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე – რეგრესი გასულ სეზონთან შედარებით.

ამ ორი ფეხბურთელის დუელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანახაობა იქნება. ისინი სამჯერ შეხვდებიან ერთმანეთს: კვირას – ჩემპიონატში, შემდეგ კი – ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ეს იქნება ამაღელვებელი დერბი, ემოციებისა და ტრადიციების კვეთა, სადაც ორი გუნდის ბედი ასევე დამოკიდებული იქნება მარცხენა ფლანგზე მათი ორი ტალანტის ქმედებებზე.

მაგრამ მხოლოდ კვარაცხელია და ლეაო არ არიან ამ ისტორიის მთავარი გმირები. არიან მათი წინამორბედებიც, დიდი ჩემპიონები, რომლებმაც ისტორია შექმნეს ნეაპოლსა და მილანში – მარადონა, გულიტი, ვან ბასტენი, კარეკა. ეს ის სახელებია, რომლებიც ძლიერ ემოციებს აღძრავენ და წარუშლელ მოგონებებს ტოვებენ ჩვენს გონებაში.

მარცხენა ფლანგელების დუელში, როგორც ჩანს, უპირატესობა „ნაპოლის“ გააჩნია, რადგან კვარაცხელია ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და უკვე ნეაპოლელთა გული მოიგო, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით და „მილანი“ ასე მარტივად არ დანებდება. წინ სამი ინტენსიური, ამაღელვებელი და დაუვიწყარი მატჩია, რომლის მთავარ სცენაზეც ხვიჩა და რაფა იქნებიან წარმოდგენილები“, – წერს იტალიური გამოცემა.