Corriere della Sera კვარაცხელია-დიბალას დაპირისპირებაზე - ორივე დიდ როლს თამაშობს და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს #1TVSPORT
Corriere della Sera კვარაცხელია-დიბალას დაპირისპირებაზე - ორივე დიდ როლს თამაშობს და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს #1TVSPORT

იტალიურმა გამოცემამ, Corriere della Sera-მ სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩის წინ წერილი გამოაქვეყნა და ყურადღება გუნდის ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და პაოლო დიბალას დაპირისპირებაზე გაამახვილა.

„„ნაპოლი“-„რომა“ – კვარაცხელია და დიბალა, ნაკლებანაზღაურებადი ლიდერები

ისინი ლუჩანო სპალეტისა და ჟოზე მოურინიოს საკვანძო მოთამაშეები არიან: იტალიური ფეხბურთის დაბინძურებულ სამყაროში ხვიჩა კვარაცხელია და პაოლო დიბალა სუფთა ენერგიას წარმოადგენენ – ეს ორი ერთმანეთს კვირას, 29 იანვარს დაუპირისპირდება. ქართველი „ნაპოლიმ“ 10 მილიონ ევროდ შეიძინა, დიბალა „რომაში“ უფასოდ გადავიდა.

კვარაცხელიამ ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა (პლუს 2 ჩემპიონთა ლიგაზე), 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩემპიონატში 1089 წუთი ითამაშა. დიბალამ (არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო) გაიტანა 7 გოლი (პლუს 2 ევროპა ლიგაზე და ერთი იტალიის თასზე), 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და ლიგაში 930 წუთი ითამაშა. ხვიჩა 12 თებერვალს 22 წლის გახდება, დიბალა კი 15 ნოემბერს – 29 წლის.

კვარაცხელია და დიბალა თავიანთ გუნდებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და სანახაობრივ ფეხბურთსაც აჩვენებენ. სპალეტიმ 4-3-3 სქემაში ქართველს სწორად თამაში სწრაფად ასწავლა. პირველი წრის მატჩში ნეაპოლელებმაოლიმპიკოზე“ „რომას“ სამი ქულა წაართვეს, თუმცა ის „კვარას“ საუკეთესო მატჩი არ ყოფილა – გადამწყვეტი გოლი ოსიმენმა გაიტანა. იმ მატჩში დიბალას ტრავმის გამო არ უთამაშია, მის გარეშე კი „რომა“ სხვა გუნდია. ხვიჩა და დიბალა ტალანტებს მიჩვეული გულშემატკივრების წინაშე თამაშობენ: „ნაპოლი“ მარადონას უყურებდა, ხოლო „რომა“ – ტოტის. ეს იყო წარსულის კარგი დრო, როდესაც მათი მატჩები დღესასწაულო იყო.

ბევრი ამბობს, მათ შორის სტატისტიკაც, რომ „ნაპოლის“ „სკუდეტოს“ მოგების კარგი შანსი აქვს. სპალეტის გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, 2023 წელს „სან სიროზე“ „ინტერთან“, მაგრამ შემდეგ მოიგო სამი შეხვედრა და სატურნირო ცხრილში კონკურენტენთან სხვაობა გაზარდა. „რომა“ კი ერთადერთი გუნდია, რომელმაც ახალ წელს „ნაპოლიზე“ მეტი ქულა მოაგროვა. სპალეტი – მოურინიოს, ხოლო კვარაცხელია დიბალას წინააღმდეგ – ეს ამ გუნდებისთვის შანსია, რათა დაამტკიცონ, რომ ყველაზე ძლიერები არიან“, – წერს Corriere della Sera.