COPE-ს ცნობით, ჟოზე მოურინიოს მადრიდის „რეალში“ მორტენ ჰიულმანის ხილვა სურს #1TVSPORT
თუ ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა, „სამეფო კლუბს“ სათავეში ჟოზე მოურინიო ჩაუდგება.
ესპანური მედიის ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისტს სატრანსფერო პოლიტიკის წარმართვაში სრული თავისუფლება მიეცემა. ბოლო პერიოდის წარუმატებლობების გამო პერესი იძულებული გახდა, მწვრთნელის ამ მოთხოვნას დათანხმებოდა, რაც კლუბის უახლეს ისტორიაში იშვიათი მოვლენაა – მსგავსი პრივილეგიით „რეალში“ ბოლო წლებში არავის უსარგებლია.
გამოცემა COPE-ს ინფორმაციით, მოურინიოს მადრიდში დანიის ეროვნული გუნდისა და ლისაბონის „სპორტინგის“ კაპიტნის, მორტენ ჰიულმანის მიყვანა სურს. ახალ მწვრთნელს ნახევარმცველი თავისი სამომავლო გეგმების უმნიშვნელოვანეს ფიგურად წარმოუდგენია და ზაფხულში მის გადმობირებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ისახავს.
მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა თანახმაა, მოურინიოს ეს სურვილი აასრულოს და ლისაბონელებთან საყრდენი ნახევარმცველის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. როგორც ირკვევა, აღნიშნული გარიგება კლუბს, სავარაუდოდ, 50 მილიონი ევრო დაუჯდება.