ცნობილია პარიზის „მასტერსზე“ ბასილაშვილის პირველი მეტოქე #1TVSPORT
ცნობილია პარიზის „მასტერსზე“ ბასილაშვილის პირველი მეტოქე #1TVSPORT

პირველ ნოემბერს, პარიზში 2021 წლის სეზონში „მასტერსის“ სერიის ბოლო ტურნირი იწყება. ძირითადი ბადის წილისყრის შემდეგ, გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე – ფრანგი ჩოგბურთელი ადრიან მანარინო, რომელიც კლასიფიკაციაში 50-ე ადგილს იკავებს.

ამ ჩოგბურთელებს პროფესიულ ტურში ერთადერთი დაპირისპირება ჰქონიათ – სოფიაში ჰარდის საფარზე ბასილაშვილმა ორ სეტში 7:6(7), 7:6(3) მოიგო.

მანარინოს დამარცხების შემთხვევაში, ქართველი მეორე წრეში ფრანგ გაელ მონფილსსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის მოგებულს შეხვდება.

ბასილაშვილს პარიზის „მასტერსის“ ძირითად ბადეში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა (მანამდე, ორჯერ ვერ გადალახა კვალიფიკაცია). მაშინ ქართველმა პირველ წრეში ავსტრალიელი ჯონ მილმენი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში წააგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან (3:6, 7:6, 6:7). 2019 წელს პირველივე წრე წააგო მოლდოველ რადუ ალბოტთან და ასევე საწყისი რაუნდი დათმო 2020 წელს გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის წინააღმდეგ.

ბასილაშვილი ამჟამად, მსოფლიოს 25-ე ჩოგანია. მან ამ კვირას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ATP500 კატეგორიის ტურნირში ითამაშა და მეორე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას. მიუხედავად ამისა, ქართველი ახალ რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურდება და კლასიფიკაციაში 22-ე ნომერი იქნება.