ცნობილი რუსი მენეჯერი კვარაცხელიაზე - ის ნამდვილად ძალიან ნიჭიერია
ცნობილი რუსი მენეჯერი კვარაცხელიაზე - ის ნამდვილად ძალიან ნიჭიერია

„ხვიჩა კვარაცხელია მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელია“ – განაცხადა გამოცემა news.ru-სთან ცნობილმა მენეჯერმა დმიტრი სელიუკმა.

ის ესპანეთში და დასავლეთ ევროპის ტოპ-ლიგების კლუბებთან თანამშრომლობს, გიორგი დემეტრაძის მენეჯერი იყო და სხვა ქართველ ფეხბურთელებთანაც უთანამშრომლია. სელიუკს უკრაინასა და რუსეთში კარგად იცნობენ და მის ინტერვიუებს ხშირად აქვეყნებენ. სხვადასხვა დროს, მისი ყველაზე ცნობილი კლიენტი იაია ტურე გახლდათ, რომელიც „ბარსელონას“ (2007-2010) და „მანჩესტერ სიტის“ (2010-2018) ფეხბურთელი იყო.

ამჯერად, ცნობილმა საფეხბურთო მენეჯერმა რუსეთის პრემიერლიგის განახლებაზე ილაპარაკა.

„ფეხბურთი დაბრუნდა. შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის კონტრაქტსაც „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ ხელი არ მოაწერა, „რუბინში“ გასაოცარი მატჩი ჩაატარა“ – წერს გამოცემის ჟურნალისტი.

მან სელიუკს კითხვა ქართველ ფეხბურთელზეც დაუსვა – „ხვიჩა კვარაცხელია „ურალი“- „რუბინის“ შეხვედრის (1:2) გმირი იყო – მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მოთამაშე, რომლის გამოსყიდვაც მოსკოველთა გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ არ ისურვა. როგორ მოგეწონთ თამაში და ქართველი ნახევარმცველის გამოსვლა?“

„ვერ ვიტყვი, რომ „რუბინის“ თამაშმა მომხიბლა. შეხვედრა უფერული გამოდგა და ნამდვილად არ მომწონებია. რეალურად „რუბინმა“ ხვიჩას ინდივიდუალური თვისებების ხარჯზე მოიგო. მან გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. სიომინმა თქვა, რომ „ლოკომოტივმა“ დიდი შეცდომა დაუშვა, ხვიჩა „რუბინს“ რომ დაუთმო. ის ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია“ – ამბობს დმიტრი სელიუკი.