ცნობილი ნარკობარონი „ელ ჩაპო“ აცხადებს, რომ მექსიკის პრეზიდენტს ქრთამს უხდიდა
ცნობილი ნარკობარონი „ელ ჩაპო“ აცხადებს, რომ მექსიკის პრეზიდენტს ქრთამს უხდიდა

ნარკობარონი ხოაკინ გუსმან ლოერა, იგივე „ელ ჩაპო“ მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. ხოაკინ გუსმან ლოერას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ნარკოკარტელი „სინალოა“ ქრთამის სახით თანხას მექსიკის პრეზიდენტებს, მათ შორის მოქმედ პირველ პირს, ენრიკე პენია ნიეტოს თანხას აძლევდა. ამის შესახებ ადვოკატმა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე ისაუბრა. მისი თქმით, ქრთამის სახით ცენტრალური ამერიკის ქვეყნის ლიდერები მილიონობით დოლარს იღებდნენ. საპასუხოდ კი მათ წინააღმდეგ სასამართლო დევნა არ ხორციელდებოდა. ნარკობარონის ბრალდებას მექსიკის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონი, ხოაკინ გუსმან ლოერა, მეტსახელად „ელ ჩაპო“ წლების განმავლობაში მექსიკაში უმსხვილეს კრიმინალურ დაჯგუფებას და ნარკოკარტელს „სინალოას“ ხელმძღვანელობდა. ის პირველად 2014 წელს დააკავეს, თუმცა მექსიკის ციხიდან გაქცევა რამდენიმეკილომეტირანი მიწისქვეშა გვირაბის საშუალებით შეძლო. ნარკობარონი მეორედ 2015 წელს დააპატიმრეს. 2017 წლის იანვარში, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ყოფნის ბოლო დღეს, მექსიკის ხელისუფლებამ ხოაკინ გუსმანი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა. მის წინააღმდეგ ბრალი ერთდროულად რამდენიმე შტატს, კალიფორნიას, ნიუ-მექსიკოს, ტეხასს, ილინოისს და ნიუ იორკს აქვთ წაყენებული. ბრალდებები შტატის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შეტანას და გავრცელებას, ასევე უკანონო იარაღს და ორგანიზებულ მკვლელობებს უკავშირდება. „ელ ჩაპოს“ საქმეს ამჟამად ბრუკლინის სასამართლო განიხილავს.