ცნობილი მწვრთნელებიც სწავლობენ - „პეტრო-არენაზე“ პროფლიცენზიის კურსი გრძელდება #1TVSPORT
ცნობილი მწვრთნელებიც სწავლობენ - „პეტრო-არენაზე“ პროფლიცენზიის კურსი გრძელდება #1TVSPORT

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების უმაღლესი სამწვრთნელო კურსის, პროფლიცენზიის მეცხრე მოდული მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

აღნიშნულ მოდულს უეფა-ს Jira Panel-ის წევრები, კრის ვან დერ ჰაგენი და გენადი სკურტული ესწრებიან. საკუთარ გამოცდილებას კურსის მსმენელებს საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი, ფაბიან ბოსუე უზიარებს.

პროფლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები რამდენიმე თემაზე მოხსენებას წარმოადგენენ და მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ და სავარჯიშო სესიებში. გარდა ამისა, მწვრთნელები ფიტნესის, პრესინგის და კონტრპრესინგის მეთოდების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

პროფლიცენზიის მიმდინარე კურსზე, რომელიც 2021 წლის 21 მარტს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება, 15 მწვრთნელი ირიცხება. სწავლება ორწლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლოეს ინფორმაციას, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ.

კურსს ბევრი ცნობილი სპეციალისტი ესწრება – ზურაბ ხიზანიშვილი (საქართველოს ნაკრები), რამაზ სვანაძე, ლევან ბაჯელიძე (ორივე – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები), ვასილ მაისურაძე (19-წლამდელთა ნაკრები), ლაშა ფირცხალაიშვილი (18-წლამდელთა ნაკრები), გაგა კირკიტაძე („გაგრა“), რევაზ გოცირიძე („შუქურა“), მიხეილ აშვეთია („სამგურალი“), გიორგი შაშიაშვილი („სამტერდია“), ლექსო ინწკირველი („ლოკომოტივი“), ვალერი გაგუა, ლადო კაკაშვილი (ორივე – „დინამოს აკადემია“), ბახვა ამბიძე („საბურთალო“), ხვიჩა შუბითიძე („საბურთალოს“ ყოფილი მწვრთნელი), ზვიად ჯელაძე (სფფ-ს აკადემია)…

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი საფეხურის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.