ცნობილი გახდა ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის ჰონორარები 9 ოქტომბრის ორთაბრძოლისთვის #1TVSPORT
9 ოქტომბერს, სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართება WBC-ის ვერსიით ბრიტანელ ჩემპიონს ტაისონ ფიურისა და ამერიკელ დეონტეი უაილდერს შორის.
ინტერნეტ-გამოცემა Essentially Sports-თვის ცნობილი გახდა ამ ორთაბრძოლისთვის ორივე მოკრივის ჰონორარის ოდენობა. ისინი ერთმანეთში 50 მილიონ დოლარს გაითამაშებენ: ფიური მიიღებს 30 მილიონს, უაილდერი – 20 მილიონს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელი მოკრივე ფასიანი ტრანსლიაციებიდან მიღებული მოგების 60 პროცენტის მფლობელი გახდება.
ამ მოკრივეთა პირველი ორთაბრძოლა 2018 წელს გაიმართა და 12 რაუნდის შემდეგ ფრედ დასრულდა – 111:115, 114:110, 113:113. მაშინ ტაისონ ფიური ორჯერ ნოკდაუნში აღმოჩნდა. 2020 წელს რევანში გაიმართა, რომელშიც ფიურიმ მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.