ცნობილი გახდა, რატომ არ თამაშობს როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღიაზე
ცნობილი გახდა, რატომ არ თამაშობს როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღიაზე

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი არ ითამაშებს „დიდი სლემის“ პირველ ტურნირზე – ავსტრალიის ღია პირველობაზე. ადრე უარის მიზეზად დასახელდა იმ ტრავმის შედეგები, რამაც თითქმის მთლიანად გამოატოვებინა 2020 წლის სეზონი. მაგრამ, როგორც ირკვევა, ძირითადი მიზეზი სულ სხვა ყოფილა.

„ძირითადი მიზეზია – კარანტინი. მე მას ველაპარაკე ერთი თვის წინ და ორი ვარიანტი ჰქონდა. მას შეეძლო მელბურნში ჩასულიყო ოჯახთან ერთად და გაევლო კარანტინი. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მის ცოლს მირკასა და ბავშვებს არ შეეძლებოდათ ნომრიდან გასვლა. მათ 14 დღე მოუწევდათ ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა. იზოლაციის მხრივ, გამონაკლისი მხოლოდ მოთამაშეებისთვის კეთდება – როჯერი შეძლებდა ნომრიდან გასვლას სავარჯიშოდ, მაგრამ მთელი მისი ოჯახი – არა. მირკას ეს სცენარი არ მოეწონა.

მეორე ვარიანტი იყო – მელბურნში მარტო ჩასვლა. ამ შემთხვევაში, ფედერერი მინიმუმ ხუთი კვირა იქნებოდა ოჯახიდან მოშორებით. და მან თქვა: „მეგობარო, 39 წლის ვარ, ოთხი შვილი მყავს და 20 „დიდი სლემი“ მაქვს. ჩემს შემთხვევაში უკვე აღარ არის დრო ხუთი კვირა გავატარო ოჯახისგან მოშორებით“, – განაცხადა ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციის მოთამაშეებთან კავშირების დირექტორმა ანდრე სამ.

ფედერერი პირველად არ ითამაშებს ავსტრალიის ღიაზე 1999 წლის შემდეგ.