ცნობილი გახდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ფორმატი
ცნობილი გახდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ფორმატი

უეფამ განმარტა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ტურნირის სტრუქტურა. საკვალიფიკაციო, რომელშიც 13 საგზური გათამაშდება, 2021 წლის მარტში დაიწყება და 2022 წლის მარტში, პლეი ოფის მატჩებით დასრულდება.

პირველ ეტაპზე 55 ევროპული გუნდი 10 ჯგუფად დაიყოფა: ხუთში იქნება ექვს-ექვსი გუნდი, კიდევ ხუთში – ხუთ-ხუთი. ეს ეტაპი ჩატარდება 2021 წლის მარტიდან ნოემბერში. პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები მოხვდებიან.

მეორე ადგილზე გასული 10 გუნდი, აგრეთვე 2020-21 წლების ერთა ლიგის ორი საუკეთესო გუნდი (იმათგან, ვინც ვერ დაიკავებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილებს) გაითამაშებენ კიდევ სამ საგზურს. ეს იქნება ორსაფეხურიანი პლეი ოფი. 12 გუნდი პლეი ოფის ნახევარფინალში დაწყვილდება და გაარკვევს ექვს გუნდს, შემდეგ კი ფინალურ წყვილებში – სამ უძლიერესს.

უეფას ფორმატი ჯერ ფიფამ უნდა დაამტკიცოს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპას აქვს 13 ადგილი, აფრიკას – 5, სამხრეთ ამერიკას – 4.5, აზიას – 4.5, კონკაკაფ-ს – 3.5, ოკეანეთს – 0.5. კიდევ ერთი საგზური ეკუთვნის მასპინძელ ყატარს.