ცნობილი გახდა „ალ-ნასრში“ კრიშტიანო რონალდოს ხელფასი - დღეში 550 ათასი ევრო #1TVSPORT
ცნობილი გახდა „ალ-ნასრში“ კრიშტიანო რონალდოს ხელფასი - დღეში 550 ათასი ევრო #1TVSPORT

გაირკვა კრიშტიანო რონალდოსა და „ალ-ნასრს“ შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალები. 40 წლის პორტუგალიელი სეზონში 263 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. შესაბამისად, რონალდოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ხელფასი ექნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ტანკრედი პალმიერიმ.

გადასახადების გადახდის შემდეგ კრიშტიანო სუფთად მიიღებს დაახლოებით 183 მილიონ ევროს. ეს არის 15 მილიონი ევრო თვეში, 3.8 მილიონი კვირაში და 550 ათასი დღეში.

გარდა ამისა, პრესის ინფორმაციით, რონალდოს შესთავაზეს „ალ-ნასრის“ აქციათა მინორიტარული წილი, რითიც ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას საკლუბო პროექტში. პორტუგალიელ ლეგენდას ასევე ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში.

ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილს იყოფენ ქარიმ ბენზემა („ალ-ითიჰადი“) და ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“). მათი ხელფასი 200 მილიონს უტოლდება. ამ რეიტინგის მესამე ადგილზეა მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე 77.5 მილიონით.