CNN - თეთრი სახლის ადმინისტრაცია მექსიკის საზღვართან უსაფრთხოებისთვის საგანგებო სიტუაციის შემოღებას აპირებს
CNN - თეთრი სახლის ადმინისტრაცია მექსიკის საზღვართან უსაფრთხოებისთვის საგანგებო სიტუაციის შემოღებას აპირებს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია მექსიკის საზღვრის სიახლოვეს უსაფრთხოების გასამკაცრებლად საგანგებო სიტუაციის შემოღებისთვის ემზადება. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

საგანგებო რეჟიმის დაწესების შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე კონგრესის გვერდის ავლით კედლისთვის თანხის გამოყოფას და მის აშენებას მოახერხებს.

როგორც CNN იუწყება, შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს, ადმინისტრაციამ უკვე მოამზადა.

„პირები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად უკანონოდ შემოდიან, ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ. ეს ყოველივე კი, საგანგებო ვითარებაა. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის და აშშ-ის კანონების ძალით მონიჭებული ძალაუფლების საფუძველზე, ავამოქმედებ საგანგებო სიტუაციის აქტს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე“,- ციტირებს CNN მოპოვებულ დოკუმენტს.

მექსიკის საზღვართან კედლის აშენებაზე დავა უკვე დიდი ხანია გრძელდება. თეთრი სახლის ლიდერი საზღვარზე კედლის აშენებისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, თუმცა ამას დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. აღნიშნული დავიდან გამომდინარე, ახალი ბიუჯეტი ვერ მტკიცდება, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მუშაობა დროებით ნაწილობრივ შეჩერებული აქვს.