CNN ხვიჩა კვარაცხელიაზე - მას უკვე მარადონას ადარებენ, ხვიჩამ ნეაპოლელთა გულები დაიპყრო, საქართველოში კი ცხოვრება შეცვალა #1TVSPORT
CNN ხვიჩა კვარაცხელიაზე - მას უკვე მარადონას ადარებენ, ხვიჩამ ნეაპოლელთა გულები დაიპყრო, საქართველოში კი ცხოვრება შეცვალა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაშის ხარჯზე, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად მას ვრცელი წერილი ტელეკომპანია CNN-მა მიუძღვნა, რომლის ფრაგმენტებსაც გთავაზობთ.

 

ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლის“ ქართველი სენსაცია, რომელსაც უკვე კვარადონას უწოდებენ

„ნაპოლის“ ყოველთვის უყვარდა ძლიერი თავდამსხმელების მიწვევა. არავინაა „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის უფრო ცნობილი და საყვარელი ფიგურა, ვიდრე დიეგო მარადონა.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ჩავიდა, მას უკვე მარადონას ადარებენ და იტალიაში ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, სიყვარულით „კვარადონა“ შეარქვეს. მის მომავალს უკვე ევროპის გრანდებს უკავშირებენ. ხვიჩამ ფეხბურთით შეშლილი ნეაპოლი „დაიპყრო“.

„ნაპოლი“ ფლანგზე ლორენცო ინსინიეს შემცვლელს ეძებდა. ბევრის გასაკვირად, მათ დაახლოებით 10 მილიონ ევროდ საქართველოდან, კლუბ ბათუმის „დინამოდან“, ევროპელი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უცნობი ფეხბურთელი შეიძინეს. „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის მაშინ ჰკითხეს, თუ იყო ეს გუნდის გასაძლიერებლად საკმარისი.

„როცა ინსინიეს შემცვლელზე ფიქრობ, შედარებით მცირე თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ჩემპიონატიდან 21 წლის უცნობი ქართველი ბიჭის მოყვანა ცოტა მოულოდნელია. უფრო გასაგები იქნებოდა, სერია A-ში მოხვედრამდე, მას, მაგალითად, ნიდერლანდების ჩემპიონატში რომ ეთამაშა. თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ ეს ბიჭი „ნაპოლიში“ წარმოქმნილ ვაკუუმს ვერ შეავსებდა“, – ამბობს Total Italian Football-ის ჟურნალისტი იუან ბერნსი.

მაგრამ კვარაცხელიამ მოსალოდნელზე გაცილებით მეტი გააკეთა. ქართველი ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ დინამიკური და ძლიერი გუნდის სასიცოცხლო ძალად იქცა. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში 16 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი ძალისხმევით „ნაპოლი“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი გუნდი გახდა. იტალიელებს ჩემპიონატში 13-მატჩიანი წაუგებელი სერია რომ აქვთ, კვარაცხელიას დიდი დამსახურებაა. მან ნამდვილი შოუ მოაწყო ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ​ფინალისტ „ლივერპულთან“ თამაშის დროს.

ბერნსმა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰალანდს შეადარა: „ნორვეგიელს, მიუხედავად მისი სიმაღლისა, შეუძლია ბურთით სწრაფი გადაადგილება, ასევე შორიდან დარტყმა, თავით თამაში. ჩემთვის კი კვარაცხელია ტიპური გარემარბია. ძალიან სწრაფია ბურთით გადაადგილებისას და მის გარეშეც, ფიზიკურადაც ძლიერია, ვფიქრობ, ეს განასხვავებს ინსინიესგან, რომელიც ბურთს საოცრად აკონტროლებს და ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია დარტყმა, მაგრამ ინსინიე არ არის განსაკუთრებით ძლიერი მოთამაშე“.

კვარაცხელიამ საქართველოში ცხოვრება შეცვალა

„იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ამბობენ, ქართველებს პიცას იმის გამო სთავაზობენ, რომ ისინი ხვიჩას სამშობლოდან არიან. ნეაპოლში ის ყველას უყვარს. აცვიათ მისი მაისურები. როცა გაიგეს, რომ საქართველოდან ვიყავი, ყველამ კარგად მიმიღო, გადაიღეს სურათები და სკანდირებდნენ „ხვიჩა, ხვიჩა“. არ ვიცი, ასე მოკლე დროში ეს როგორ შეძლო. შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ მომდევნო ლეგენდა გახდება. ის გულშემატკივრებმა უკვე „კვარადონად“ მონათლეს. „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ ის მათ მარადონას აგონებს“ – CNN-თან საუბრის დროს ნეაპოლში სტუმრობა გაიხსენა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ედო ბადალაშვილმა. ის მიიჩნევს, რომ იტალიაში ხვიჩას ჩასვლამ და გიორგი მამარდაშვილის ლა ლიგის „ვალენსიაში“ გადასვლამ გახსნა კარი, რომელიც ადრე ქართველი ფეხბურთელებისთვის დაკეტილი იყო.

კვარაცხელიას შემტევი უნარების წყალობით, „ნაპოლი“ ამჟამად სერია A-ს ლიდერია. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაში კი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. კვარაცხელიამ შთაბეჭდილება მოახდინა თავისი არაორდინალური და მრავალმხრივი თამაშით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მას „ნაპოლიზე“ ბევრად ძლიერ გუნდში შეუძლია თამაში“.

საქართველოში კვარაცხელიას უკვე გმირად თვლიან: „ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაფერი შეიცვალა. ვისაც ფეხბურთი არ უყვარდა, „ნაპოლის“ მატჩებს მოუთმენლად ელოდება. საქართველოს ნაკრების თამაშზე სტადიონი ბოლომდე ივსება. საქართველოს ქალაქებში უამრავ ადამიანს ნახავთ „ნაპოლის“ ან საქართველოს ნაკრების მაისურით. საქართველოს ეროვნულ გუნდს 11 მატჩია, არ წაუგია. ქომაგს იმედი გაუჩნდა, რომ ნაკრები ახლო მომავალში ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. დღეს საქართველო ფეხბურთით ცხოვრობს, როცა ქალაქში გადიხარ, დაინახავ, რომ კვარაცხელიამ საქართველოში ცხოვრება შეცვალა“.