CNBC - ტრამპი მდიდარი ამერიკელების ნდობას კარგავს 
CNBC - ტრამპი მდიდარი ამერიკელების ნდობას კარგავს 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მილიონერების ნდობას კარგავს. ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის მიერ ჩატარებული მილიონერთა გამოკითხვის მიხედვით, დღეს რომ არჩევნები იყოს, ქვეყნის მილიონერთა 34 პროცენტი ხმას ტრამპს არ მისცემდა. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ტრამპმა თავის მხარდამჭერი მილიონერების ერთ მესამედზე მეტი დაკარგა.

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა CNBC-ის მილიონერთა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ტრამპის პოზიცია საკმაოდ შესუსტდა.

გამოკითხვის მიხედვით, ტრამპს ნდობას მდიდარი რესპუბლიკელების მხოლოდ 62 პროცენტი უცხადებს. კვლევა 7-19 ნოემბრის შუალედში ჩატარდა და 750 რესპონდენტი მოიცვა. რესპონდენტები მინიმუმ 1 მილიონი დოლარის მოცულობის აქტივებს ფლობენ და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარმოადგენენ. 750 რესპოდნეტის 39.9 პროცენტი თავს რესპუბლიკელად თვლის, 32.4 დამოუკიდებელია და მხოლოდ 25.7 პროცენტი ანიჭებს უპირატესობას დემოკრატებს.

გამოკითხულთა 20 პროცენტი [ მათ შორის რესპუბლიკელი მილიონერების 18 პროცენტი] თვლის, რომ 2020 წლის არჩევნებში ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატად აღარ უნდა დასახელდეს.

ამერიკელი მილიონერები ელექტორატის ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ ფენას წარმოადგენენ. მათი 96 პროცენტი ამბობს, რომ ნოემბერში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე იყო წასული.

რაც შეეხება დემოკრატებს, გამოკითხულთა 38 პროცენტს მიაჩნია, რომ დემოკრატების საკანდიდატო ნომინაციას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოიგებს.

გამოკითხული დემოკრატი მილიონერების 54 პროცენტი და დამოუკიდებელი რესპონდენტების 28 პროცენტი ტრამპის ოფისიდან გაძევებას ნომერ პირველ პრიორიტეტად თვლიან, თუმცა მის შემცვლელს, ჯერჯერობით, ვერ ასახელებენ.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით CNBC-ი ვარაუდობს, რომ ტრამპმა შესაძლოა წააგოს 2020 წლის პრაიმერი, ან სულაც დროზე ადრე მოუხდეს პოსტის დატოვება.