„ცხუმ-აფხაზეთი“ საქართველოს თასის ოთხთა ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის საპასუხო სამი შეხვედრა სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება. დედაქალაქში დანიშნული მატჩი უკვე დასრულდა, რომელშიც „ცხუმ-აფხაზეთმა“ 90:85 დაამარცხა „ტიტები“ და ოთხთა ფინალში გავიდა.

ცხუმელებს მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა 10 ქულით ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ამაზე მეტით არ უნდა წაეგოთ. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, ამჯერადაც იყოჩაღა.

გამარჯვებულებს 24 ქულით ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა. 15 ქულა ჯოშუა მაკფოლმა, ხოლო 12 – რაჰიმ ჯონსონმა მიითვალეს. „ტიტებში“ 29 ქულით საუკეთესო იყო ტაილან ბირტსი. 15 ქულა აკაკი ლომოურმა, ხოლო 14 – დავით ლომიძემ მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს თასის გათამაშება განსხვავებული ფორმატით იმართება. პირველად, ისტორიაში, თასის გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალში გამოავლენს თასის მფლობელს.

დანარჩენ მეოთხედფინალურ წყვილებში ასეთი სიტუაციაა: „რუსთავმა“ სერიის პირველი მატჩი 8 ქულით მოუგო „კაკტუსს“ და დღეს საკუთარ დარბაზში მასპინძლობს. ხოლო „ქუთაისმა“ „დინამოს“ თბილისში 5 ქულით აჯობა და დღეს საკუთარ ქალაქში უმასპინძლებს.