ცხრა ქულა სამ მეოთხედში - მამუკელაშვილმა „ბაქსის“ მხრიდან ყველაზე დიდხანს ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
11:23, 06.10.2021
6 ოქტომბერს გამთენიისას NBA-ის წინასასეზონო მატჩები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ „მემფისს“ დაუპირისპირდა და 77:89 დამარცხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „გრიზლისის“ საშინაო არენაზე, „ფედექსფორუმში“ მესამე მეოთხედის შემდეგ სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შემდეგაც მოთამაშეები და გულშემატკივრები დარბაზიდან გაიყვანეს. საბოლოო ჯამში, ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გადაწყდა, რომ შეხვედრა აღარ უნდა გაეგრძელებინათ.
ამ სამ მეოთხედში სანდრო მამუკელაშვილმა ყველაზე დიდხანს – 29 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 9 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში და 2 დაცვაში) და 3 პასი დააგროვა. საშუალო დისტანციიდან ის კარგად გამოიყურებოდა და 5 ცდიდან 4-ჯერ ჩააგდო, პერიმეტრიდან ერთხელ ისროლა და ააცილა, საჯარიმოს ხაზიდან კი კალათში ორიდან ერთი ბურთი მოათავსა. სანდრო მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა და ერთხელ ბურთიც დაკარგა. +/- მაჩვენებელი ქართველ კალათბურთელს +2 ჰქონდა.
მილუოკი VS მემფისი
„ბაქსის“ მხრიდან მამუკელაშვილზე შედეგიანი ჯორდან ნვორა იყო 16 ქულით და გრეისონ ალენი 13 ქულით. „მემფისიდან“ კი 27 ქულით ჯა მორანტი გამოირჩა, 14 ქულა ჰქონდა დე’ენტონიმელტონს.
შემდეგ შეხვედრას სანდროს გუნდი 9 ოქტომბერს „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.