ცხრა მოთამაშით დარჩენილმა ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა #1TVSPORT
ცხრა მოთამაშით დარჩენილმა ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა.

„ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხილა. 24-ე წუთზე ლუკა წულუკიძის გადაცემით ანგარიში ჯარენ ბლესამ გახსნა და ტაიმი ბათუმელებმა მოიგეს.

მეორე ტაიმში მასპინძლები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შეცვლაზე შესული ბელგიელი ნახევარმცველი მუტირ შაჟია დაშავდა, მასპინძლებს შეცვლების ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ და მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, 82-ე წუთზე კი მოჰამედ ფოფანამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

თბილისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და თამაშის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ ბათუმელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და 11 ქულით ლიდერ „იბერიას“ გაუთანაბრდნენ, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე არიან. „დინამო თბილისმა“ კი სეზონში პირველი მარცხი განიცადა და მესამე პოზიციაზეა.