„ცხინვალის“ პრეზიდენტი თურქულ ინციდენტზე - ქურდობის ფაქტი არც დაფიქსირებულა 
„ცხინვალის“ პრეზიდენტი თურქულ ინციდენტზე - ქურდობის ფაქტი არც დაფიქსირებულა 

თურქეთში „ცხინვალის“ არც ერთი ფეხბურთელი დაკავებული არაა და მათ აღარავინ უჩივის – ინფორმაცია პირველ არხს „ცხინვალის“ ახალმა დირექტორმა ქართლოს რუხაიამ უთხრა.

შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ცნობით, ანტალიის სავაჭრო ცენტრში მაღაზიის დახურვის შემდეგ კონსულტანტებმა დანაკლისი აღმოაჩინეს. სამართალდამცავებმა ადგილზე ვიდეოკამერები შეამოწმეს და სავაჭრო ცენტრში მომხდარი ქართველ ფეხბურთელებს დაუკავშირეს. თურქული გამოცემა იუწყება, რომ „ცხინვალის“ ფეხბურთელები სასტუმროში აიყვანეს. ესენი არიან: გიორგი ბ. კახა კ. პაპუნა მ. დათა ს. და გურამი მ.

„დიახ, იყო გაურკვევლობა და ფეხბურთელები დაკითხვაზე წაიყვანეს. მაგრამ აბსოლუტურად ყველა დაკარგულ საქონელზე ჩვენმა მოთამაშეებმა ქვითრები წარადგინეს და მალევე გაათავისუფლეს. საბოლოოდ, ქურდობის ფაქტი არც დაფიქსირებულა და მათ მომჩივანი არც ჰყავთ. ვითარების საბოლოოდ გარკვევამდე, სასამართლომ მათ ქალაქიდან ექვსდღიანი გაუსვლელობის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ესეც გავასაჩივრეთ და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, კითხვის ნიშნები აღარ დარჩება“, – ამბობს რუხაია.