ცხადაძემ „რუსთავის“ ახალი მწვრთნელი წარადგინა - გუნდის საშინაო არენის რეკონსტრუქცია დაიწყო #1TVSPORT
ცხადაძემ „რუსთავის“ ახალი მწვრთნელი წარადგინა - გუნდის საშინაო არენის რეკონსტრუქცია დაიწყო #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს ლევან ჯოხაძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე „ზესტაფონში“ წარმატებით მუშაობდა – ინფორმაციას „რუსთავის“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

მანამდე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი არმაზ ჯელაძემ დატოვა, მაგრამ ის კლუბში რჩება და მუშაობას სხვა როლში გააგრძელებს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კი დროებით, ვალერი აბრამიძე ასრულებდა.

37 წლის ლევან ჯოხაძე ორი სეზონის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მას გუნდის ლიგა 4-ში დარჩენასა და შემდეგ ლიგა 3-ში აღზევებაში დიდი წვლილი მიუძღვის. „რუსთავის“ ცნობით, ჯოხაძის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებენ ვალერი აბრამიძე, მამუკა ყაულაშვილი და ასევე, მეკარეების მწვრთნელი – გიგა ნიქაბაძე.

ახალი მწვრთნელის შესახებ კომენტარი „რუსთავის“ დირექტორმა, ბაჩანა ცხადაძემ გააკეთა და ლევან ჯოხაძის დანიშვნის მოტივები ახსნა:

„არსებული მდგომარეობიდან და ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, კვალიფიკაციის შესაბამისად, არჩევანი ლევანზე შევაჩერეთ. ხელშეკრულების მთავარი პირობაა, რომ ამ ეტაპისთვის გუნდმა მიაღწიოს მთავარ მიზანს და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნოს. ამის შემდეგ ლევანთან მომავალი ორი სეზონის განმავლობაში ვითანამშრომლებთ. ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროექტი არის გრძელვადიანი და შედეგზე აუცილებლად აისახება“, – ამბობს ცხადაძე.

„რუსთავის“ დირექტორმა გუნდის მხარდამჭერებს მიმართა: 

„მინდა, გულშემატკივრებს მივმართო – მხარი დაგვიჭირეთ, რადგან ეს ცვლილებებიც გუნდის განვითარებისთვისაა საჭირო. გაუმჯობესდება სპორტული შედეგები, ასევე სასიხარულოა, რომ დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც, რაც მოიცავს აკადემიის რეფორმას და ჩვენი საშინაო არენის რეკონსტრუქციას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იმ ადგილამდე, სადაც ყოფნას იმსახურებს რუსთავის ფეხბურთი და ჩვენი გუნდი“.