ცხადაძე „ტორპედოსთან“ მოგებამაც ვერ დაამშვიდა - პრობლემას თავად ვიქმნით #1TVSPORT
ცხადაძე „ტორპედოსთან“ მოგებამაც ვერ დაამშვიდა - პრობლემას თავად ვიქმნით #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში გამართული ქართული კლასიკო „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა – კახა ცხადაძის გუნდმა ქუთაისის „ტორპედო“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და 56 ქულით ბათუმის „დინამოსთან“ (63) 7-ქულიანი დისტანცია შეინარჩუნა.

თუმცა, „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გუნდით კვლავ უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ დაბალი რეალიზაციით გუნდი ხიფათს საკუთარი თავს უქმნის.

„მიგვყავს ანგარიში, ვქმნით მომენტებს, მაგრამ ამ შანსებს ვერ ვიყენებთ. ამით თავად ვიქმნით პრობლემას, მეტოქეს კი – მოტივაციას ვაძლევთ, რომ ქულა გადაარჩინოს. „ტორპედოს“ თამაშიდან არაფერი შეუქმნია, ერთადერთი, გრძელი გადაცემებით ცდილობდა შეტევას და აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, რომ ჩვენს მცველებს შეცდომა დაეშვათ“, – ამბობს კახა ცხადაძე.

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდის დაბალი რეალიზაციის და არასტაბილურობის მიზეზი ახალგაზრდული შემადგენლობაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, თამაში რომ მიგყავს, უპირატესობა მეორე გოლით განამტკიცო. მაგრამ მეორე მხრივ, „დინამოს“ შემადგენლობას რომ გადავხედოთ, ქუთაისელებთან ძირითადში საფეხბურთო აკადემიის ხუთი აღზრდილი თამაშობდა, ხოლო ექვსი – სათადარიგოებში იყო“, – აცხადებს ცხადაძე.