ცხადაძე ჭიაბრიშვილმა შეცვალა - „დინამოში“ ახალი მწვრთნელის დებიუტი ხვალ „გაგრასთან“ შედგება #1TVSPORT
ცხადაძე ჭიაბრიშვილმა შეცვალა - „დინამოში“ ახალი მწვრთნელის დებიუტი ხვალ „გაგრასთან“ შედგება #1TVSPORT

გავრცელებული ხმები დადასტურდა – „დინამო თბილისში“ კახა ცხადაძეს ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი შეცვლის. ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.

„თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, თბილისურ კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2,5 წლით გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

გიორგი ჭიაბრიშვილის სხვადასხვა დროს მთავარი მწვრთნელი გახლდათ „გაგრაში“, „რუსთავში“, „ზესტაფონში“, „საბურთალოში“, სადაც ერთი პერიოდი აკადემიაში საქმიანობდა. იყო ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. ბოლოს თბილისის „ლოკომოტივში“ მუშაობდა და კლუბი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა.

გიორგი ჭიაბრიშვილი „ზესტაფონთან“ და „საბურთალოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს კი, თბილისურ კლუბთან ერთად საქართველის დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. 2018 და 2020 წლის სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გია ჭიაბრიშვილი გუნდს „დინამოს“ მეპატრონე რომან ფიფამ წარუდგინა და პირველი ვარჯიში ჩაატარა. „დინამო თბილისს“ პირველად მოედანზე ჭიაბრიშვილი ეროვნული ლიგის მე-18 ტურში გაიყვანს – 20 ივნისს, თბილისელები „დინამო არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლებენ.