ცინცინატის „მასტერსს“ ფედერერი გამოეთიშა

10:09, 16.08.2019

ცინცინატის „მასტერზე“ მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. მორიგ დღესაც არ ჩაუვლია სენსაციის გარეშე. ტურნირს გამოეთიშა შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი, რომელსაც ძალიან იოლად, ორ სეტში მოუგო რუსმა ანდრეი რუბლიოვმა – 6:3, 6:4. მატჩი მხოლოდ 62 წუთი გაგრძელდა და ეს იყო ფედერერის ყველაზე სწრაფი წაგება ბოლო 16 წლის განმავლობაში!

რუბლიოვმა მოგება სუფთა თამაშის წყალობით შეძლო – მხოლოდ ექვსი შეცდომა დაუშვა მატჩში (ფედერერმა – 19). გარდა ამისა, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ექვსი ქულა დათმო. რუსმა ოთხიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ფედერერმა – სამიდან ერთი.

რუბლიოვს ამ ტურნირზე მხოლოდ ერთი სეტი აქვს წაგებული – პირველ წრეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ.

ფედერერის წაგების შემდეგ, პრაქტიკულად უკონკურენციოდ დარჩა ცინცინატიში შარშანდელი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მან საკმაოდ იოლ გამარჯვებას მიაღწია ესპანელი პაბლო კარენო ბუსტას წინააღმდეგ – 6:3, 6:4. სერბმა თითო სეტში თითო ბრეიკის აღება შეძლო და მეორე სეტში ოთხივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია. მეოთხედფინალში მას ელოდება შეხვედრა ფრანგ ლუკ პუიესთან. ეს იქნება წლევანდელი ავსტრალიის ღიას ნახევარფინალის გამეორება.

მერვედფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კარენო ბუსტა (ესპ) 6:3, 6:4

პუიე (საფ)-ხაჩანოვი (რუს, 8) 6:7(3), 6:4, 6:2

რუბლიოვი (რუს)-ფედერერი (შვეიც, 3) 6:3, 6:4

მედვედევი (რუს, 9)-შტრუფი (გერ) 6:2, 6:1

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 11)-კეჩმანოვიჩი (სერ) 6:1, 6:2

გასკე (საფ)-შვარცმანი (არგ) 7:6(6), 6:3

ნიშიოკა (იაპ)-დე მინორი (ავსტრა) 7:5, 6:4

გოფენი (ბელ, 16)-მანარინო (საფ) 7:6(6), 6:2

მეოთხედფინალში ხვდებიან:

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-პუიე (საფ)

რუბლიოვი (რუს)-მედვედევი (რუს, 9)​

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 11)-გასკე (საფ)

ნიშიოკა (იაპ)-გოფენი (ბელ, 16)

მსგავსი