ცინცინატის მასტერსის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება #1TVSPORT
ცინცინატის მასტერსის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება #1TVSPORT

ცინცინატის მასტერსზე (1000-ქულიანი ტურნირი) ფინალური წყვილი გამოვლინდა. გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობას ნოვაკ ჯოკოვიჩი და კარლოს ალკარასი მიიღებენ.

მსოფლიოს მეორე ნომერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში გერმანიის სახელით გამომსვლელი ალექსანდრ ზვერევი ორ სეტში – 7:6, 7:5 დაამარცხა და მასტერსის (დიდი სლემის ტურნირების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი) ფინალში კარიერაში 56-ედ გავიდა, საიდანაც 38-ჯერ მოიგო, ეს კი რეკორდია.

რაც შეეხება რეიტინგის ესპანელ ლიდერს, კარლოს ალკარასმა ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში მძიმე ბრძოლაში მოუგო ჰერბერტ ჰურკაჩს – 2:6, 7:6, 6:3. აღსანიშნავია, რომ პოლონელ ჩოგბურთელთან ალკარასმა ერთი კვირის წინაც გაიმარჯვა ტორონტოს მასტერსის 1/8-ფინალში, თუმცა მოგვიანებით კარლოსი იქ ამერიკელ ტომი პოლთან დამარცხდა.

21 აგვისტოს, თბილისის დროით 00:30 საათზე 20 წლის კარლოს ალკარასი და 36 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთმანეთის წინააღმდეგ მეოთხედ ითამაშებენ. წინა სამი დაპირისპირებიდან ორჯერ გამარჯვება ახალგაზრდა ესპანელს დარჩა. განსაკუთრებით დრამატული იყო მიმდინარე წლის ივლისში გამართული უიმბლდონის ფინალი, სადაც ალკარასმა ჯოკოვიჩს ხუთ სეტში აჯობა და არ მისცა საშუალება, უიმბლდონზე გამარჯვებებით როჯერ ფედერერს დასწეოდა.

კარიერის განმავლობაში ალკარასმა უკვე მოიგო 12 ტიტული, მათ შორის ორი დიდი სლემი და ოთხი მასტერსი. ჯოკოვიჩი კი მატჩს 95-ე ტიტულის მოლოდინით შეხვდება.