ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში ფედერერი და ჯოკოვიჩი ითამაშებენ
ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში ფედერერი და ჯოკოვიჩი ითამაშებენ

ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში ორი ლეგენდა – შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან ერთმანეთს.

პირველ ნახევარფინალში ჯოკოვიჩმა 2 საათი და 33 წუთი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა ხორვატი მარინ ჩილიჩი – 6:4, 3:6, 6:3.

ჯოკოვიჩს 14:2 მიჰყავდა პირადი შეხვედრების ანგარიში ჩილიჩის წინააღმდეგ, თუმცა, ბოლო ორი შეხვედრა ხორვატს ჰქონდა მოგებული, მათ შორის ერთი წელს – ლონდონში ქუინზ ქლაბის ტურნირის ფინალში.

პირველ სეტში ყველაფერი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ჯოკოვიჩმა მესამე გეიმში აიღო. მეორე პარტიაში სერბმა ტრადიციას არ უღალატა – ცინცინატიში ზედიზედ მეოთხე მატჩში წააგო სეტი. ჩილიჩმა ორი ბრეიკით 5:1 დაწინაურება მოახერხა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი ჯოკოვიჩის ბრეიკით დაიწყო, თუმცა ჩილიჩმა იქვე უპასუხა მეტოქეს. სერბმა მატჩში მეოთხე ბრეიკით ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჯოკოვიჩი მეექვსედ ითამაშებს ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში. წინა ხუთი ფინალი მან წააგო და გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ჩოგბურთელი გახდება ისტორიაში, ვისაც „მასტერსის“ სერიის ყველა ტურნირი ექნება მოგებული.

ჯოკოვიჩი გადამწყვეტ მატჩში როჯერ ფედერერს შეხვდება, რომელმაც ATP-ის ტურში რიგით 150-ე ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მან პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე მოუგო ბელგიელ დავიდ გოფენს, რომელმაც ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ მოიპოვა. მეორე სეტში ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს, რის შემდეგაც, გოფენმა ტრავმა მოიმიზეზა და თამაში ვერ გააგრძელა. ჩოგბურთელებმა კორტზე 63 წუთი გაატარეს – 7:6(3).

ფედერერი მერვედ გავიდა ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში. მას ზედიზედ მოგებული აქვს 96 საკუთარი გეიმი, ზედიზედ მოგებული 14 მატჩი და ბოლო 18 სეტიდან მოგებული 17 პარტია. როჯერს შვიდიდან შვიდივე ფინალი აქვს მოგებული.

ფედერერი და ჯოკოვიჩი 46-ედ შეხვდებიან ერთმანეთს. მცირე უპირატესობა სერბს აქვს – 23:22.