ცინცაძისა და ბერიშვილის გუნდმა ლიდერთან მოიგო
ცინცაძისა და ბერიშვილის გუნდმა ლიდერთან მოიგო

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალმა“ ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, გუნდმა ლიდერ „ალ ვაკრას“ 85-75 სძლია.

ქართველი ლეგიონერები ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყვნენ. გიორგი ცინცაძემ მოედანზე გატარებულ 33:40 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

მოედანზე 35:15 წუთი გაატარა მიხეილ ბერიშვილმა. მისი მონაგარი 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მიხეილმა 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ შეცდა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

„ალ შამალს“ 3 მოგება და 2 მარცხი აქვს და 9-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელების გუნდი 29 დეკემბერს, სტუმრად, აუტსაიდერ „ალ სადთან“ ჩაატარებს.