ციცქიშვილი „აქტობეში“ ჩაირიცხა - კლუბი თოთაძემ დატოვა #1TVSPORT
ციცქიშვილი „აქტობეში“ ჩაირიცხა - კლუბი თოთაძემ დატოვა #1TVSPORT

„აქტობემ“ გამოაცხადა ახალ ლეგიონერთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ. ზაზა ციცქიშვილი კარიერას ყაზახურ გუნდში გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„აქტობე“ ახალ ლეგიონერთან კონტრაქტის გაფორმებაზე წერს, მაგრამ ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე არაფერია მითითებული. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი კარიერაში მეოთხე კლუბში ჩაირიცხა.

ზაზა ციცქიშვილმა კარიერა რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. 2015 წლიდან 2019 წლამდე „რუსთავში“ თამაშობდა, სადაც 101 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. 2019 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა, სადაც 34 თამაშში 4 გოლი გაიტანა. 2021 წელი ციცქიშვილმა სეზონი „თელავში“ დაიწყო და მის ანგარიშზე 12 თამაშში გატანილი 2 გოლია.

„აქტობეში“ წელს ლაშა თოთაძე თამაშობდა, კლუბში თებერვალში ჩაირიცხა და ყაზახეთის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა. მაგრამ ლაშამ 23 ივნისს კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. ქართველმა მცველმა და ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.