„ჩუბინის თასზე“ გამარჯვებული გამოვლინდა
„ჩუბინის თასზე“ გამარჯვებული გამოვლინდა

თბილისის ზღვაზე მდებარე სასროლეთში სასტენდო სროლაში ტრადიციული ტურნირი „ჩუბინის თასი“ გაიმართა. ტურნირის ორგანიზატორი ნადირობისა და სპორტული სროლის მოყვარულთა კლუბი „ჩუბინი“ იყო, რომლის ხელშეწყობითაც შეჯიბრება ყოველ წელს, შემოდგომაზე ტარდება.

„ჩუბინის თასზე“ 40 სპორტსმენი მონაწილეობდა – მოყვარულებიც და პროფესიონალებიც. სამჭიდის ჯამში გამარჯვებული ლევან ჩუგუაშვილი გახდა. მას და ყველა გამორჩეულ სპორტსმენს ორგანიზატორებმა საგანგებო პრიზები და ფულადი პრიზები გადასცეს.

„სასტენდო სროლას ჩვენს ქვეყანაში დიდი ტრადიციები გააჩნია. საქართველოს ჰყავდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ასევე ოლიმპიადის მონაწილეები – თამაზ იმნაიშვილი, ტარიელ ჟღენტი, თემურ მატოიანი, გია შენგელია, მაია გუბიევა. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, ბოლო 30 წელია, სახეობაში ჩავარდნაა. „ჩუბინის თასი“ სწორედ იმიტომ იმართება, რომ ამ სახეობის პოპულარიზაცია და აღორძინება მოხდეს. სასროლეთზეც მეტ-ნაკლებად პირობები იმიტომ არის, რომ თამაზ იმნაიშვილს ავტორიტეტი გააჩნია და მის გამო საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარები და საჭირო ატრიბუტიკა გადმოგვცეს. ახლა ვცდილობთ, სახეობა წამოვწიოთ და იმედია, ამაში თანამდგომები გამოგვიჩნდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ტურნირის ორგანიზატორი ლერი ახმეტელი.

ტურნირის გამარჯვებულის, ლევან ჩუგუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სასტენდო სროლის სახეობა აღორძინდეს.

„მესტენდურებისთვის „ჩუბინის თასზე“ გამოსვლა საპატიოა, ბევრი გამოცდილი და კარგი სპორტსმენი მონაწილეობს და მიხარია, რომ გავიმარჯვე. ჩვენ ყველას ერთი საფიქრალი გვაქვს – საქართველოში სასტენდო სროლა ისევ ავაღორძინოთ. ამ სახეობაში ბევრი გამორჩეული სპორტსმენი გვყავდა და დარწმუნებული ვარ, ხელშეწყობით კიდევ ბევრი გამოჩნდება. ეს კი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ლევან ჩუგუაშვილმა.