ჩუამენს და უპამეკანოს მაროკოსთან მატჩამდე არ უვარჯიშიათ #1TVSPORT
ჩუამენს და უპამეკანოს მაროკოსთან მატჩამდე არ უვარჯიშიათ #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ვარჯიში ორშაბათს ნახევარმცველმა ორელიენ ჩუამენმა და მცველმა დაიო უპამეკანომ გამოტოვეს, – ინფორმაციას გამოცემა L’Équipe ავრცელებს.

ჩუამენმა კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალის მატჩში ინგლისის ნაკრებთან (2:1) კუნთი დაიზიანა, უპამეკანო კი გაცივდა და ყელის ტკივილი აწუხებს. თუმცა ფრანგული გამოცემა ამტკიცებს, რომ ეს მოთამაშეებს ხელს არ შეუშლის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში მაროკოს წინააღმდეგ ითამაშონ.

ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი-მაროკოს ნახევარფინალს მექსიკელი მთავარი არბიტრი სეზარ რამოსი განსჯის, რომელსაც ასისტენტების რანგში მისივე თანამემამულეები ალბერტო მორინი და მიგელ ერნანდესი დაეხმარებიან. კანადელი დრიუ ფიშერი პასუხისმგებელი იქნება მსაჯების ვიდეოდახმარების (VAR) სისტემაზე, მის ასისტენტად კი კოლუმბიელი ნიკოლას გალო დაინიშნა.

რამოსმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯა ჯგუფური ეტაპის მატჩები დანია-ტუნისი (0:0) და ბელგია-მაროკო (0:2), ასევე 1/8-ფინალი პორტუგალია-შვეიცარია (6:1).

საფრანგეთისა და მაროკოს მატჩი 14 დეკემბერს ელ ბაიტის სტადიონზე გაიმართება, თამაში თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.