ჩრდილომაკედონიელი ნახევარმცველი ქეცბაიას გუნდში - სპიროვსკი „ანორთოსისს“ შეუთანხმდა #1TVSPORT
ჩრდილომაკედონიელი ნახევარმცველი ქეცბაიას გუნდში - სპიროვსკი „ანორთოსისს“ შეუთანხმდა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სტეფან სპიროვსკის იწვევს – ინფორმაცია საინტერესო იმითაა, რომ ეს ფეხბურთელი თამაშობს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში, რომელიც ერთა ლიგაზე საქართველოს ჯგუფში მოხვდა.

გამოცემა „ეკიპას“ ცნობით, „ანორთოსისი“ სპიროვსკის ახალი კლუბი მალე გახდება, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველი გუნდთან მოლაპარაკებებს ასრულებს და კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი უახლოეს დღეებში უნდა გააფორმოს.

სპიროვსკი უკვე კვიპროსშია, სადაც კონტრაქტის გაფორმებას ელოდება. თუ ტრანსფერი დარეგისტრირდება, ის ოვანეს ამბარცუმიანის თანაგუნდელი იქნება, რომელთანაც ერთად „ვარდარის“ რიგებში თამაშობდა. „ანორთოსისმა“ გასული სეზონი კვიპროსში მეორე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა „პარტიზანთან“, „გენტთან“, ტალინიოსფლორასთან“ და მესამე ადგილზე გავიდა. კვიპროსულ კლუბს ცნობილი ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ავარჯიშობს“, – წერს „ეკიპა“.

სპიროვსკი 31 წლის საყრდენი ნახევარმცველია. თამაშობდა „ბორაცში“, „რაბოტნიცკიში“, ბულგარეთის „ბეროეში“, „ვარდარში“, უნგრეთის „ფერენცვაროშში“, თელ-ავივის „ჰაპოელში“, კვიპროსული ლარნაკას აეკ-ში, 2021-წლიდან კი უკრაინულ „მარიუპოლში“ გადავიდა, მაგრამ მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და გუნდი დატოვა.

სპიროვსკი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წევრი 2011 წლიდანაა და დღემდე მისი ფორმა 46 შეხვედრაში (1 გოლი) მოირგო. სამჯერ ითამაშა საქართველოს წინააღმდეგ – ეს 2020 წელს მოხდა, ორჯერ ერთა ლიგაზე, ხოლო ერთხელ ევრო 2020-ის პლეი ოფში.