ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელი - საქართველოში ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ მაინც მოგებაზე ვფიქრობთ #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელი - საქართველოში ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ მაინც მოგებაზე ვფიქრობთ #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ერთა ლიგაში საქართველოსა და ბულგარეთთან მატჩებისთვის ემზადება. ბლაგოია მილევსკის ნაკრებმა ვარჯიში უკვე ჩაატარა, 21 სექტემბერს კი თბილისში გაფრინდება, სადაც პარასკევს ერთა ლიგის C4 ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს – ამ მატჩში პირველ ადგილზე გასული გახდება ცნობილი.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და „აბერდინის“ თავდამსხმელი ბოიან მიოვსკი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრების პროგრესისა და მაკედონიელთა რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, მის ნაკრებს მატჩის მოგება შეუძლია.

„საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა, ეს ვიცით და სკოპიეში ვნახეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, პირველ ტაიმში გოლი რომ გაგვეტანა, არ წავაგებდით. ასეა თუ ისე, ჩვენ ახალი მატჩი გველის. მთავარი მოთამაშეები გვაკლია, მაგრამ ისინი, ვინც აქ არიან, ყველაფერს გააკეთებენ. თბილისში ჯოჯოხეთური მატჩი გველის, მაგრამ ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ, გამარჯვებაა“, – თქვა მიოვსკიმ.

შოტლანდიური „აბერდინის“ 23 წლის თავდამსხმელი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები კარგად არის გაანალიზებული და მხოლოდ საკუთარი თავის რწმენით შეიძლება მატჩის მოგება.

„მწვრთნელი გვეუბნება, სად უნდა მივიტანოთ შეტევა, ვაანალიზებთ მათ სუსტ წერტილებს. სანამ თეორიული შანსი გვექნება, ყველაფერს გავაკეთებთ. საქართველო პლუსებშია, რადგან ქულითაც კი პირველ ადგილს შეინარჩუნებს, მაგრამ თუ საკუთარი თავის რწმენა გვექნება, გავიმარჯვებთ“, – იმედოვნებს მიოვსკი, რომელმაც შოტლანდიის პრემიერლიგის წლევანდელ სეზონზე 7 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.