ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: შესაძლოა, პანდევმა თბილისში ძირითადში ითამაშოს
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: შესაძლოა, პანდევმა თბილისში ძირითადში ითამაშოს

გორან პანდევს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არ დაუწყია. თუმცა, შესაძლოა, „ჯენოას“ გამოცდილი ფორვარდი 8 სექტემბერს თბილისში ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ – ამის შესახებ ბალკანელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის სასტარტო მატჩის მოგების (2:1) შემდეგ ილაპარაკა.

„სომხებთან გამარჯვებით კმაყოფილები ვარ, რადგან ჩვენთვის მთავარი შედეგის ჩვენება იყო. არ უთამაშია გორან პანდევს, რომელმაც ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლამდე მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა. გასაგებია, რომ ახლა ის სათამაშოდ მზად არ იყო, მაგრამ ალბათ, საქართველოსთან მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს. ეს რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება და შევეცდებით, მორიგი 3 ქულა მოვიპოვოთ,” – ამბობს იგორ ანგელოვსკი.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C2 ჯგუფის მე-2 ტურის მატჩი საქართველოსა და მაკედონიას შორის სამშაბათს, 20:00 საათზე, თბილისის „დინამო-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.