ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მოთამაშე - ახლა მხოლოდ კოსოვოზე ვფიქრობთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მოთამაშე - ახლა მხოლოდ კოსოვოზე ვფიქრობთ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და „ლიდსის“ ნახევარმცველმა ეგზიან ალიოსკიმ თბილისში, ერთა ლიგის ახალი გათამაშებაში, საქართველოსთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრა შეაფასა.

ალიოსკიმ ამჯერად შეხვედრა მარცხენა მცველის პოზიციაზე ჩაატარა, რადგან ამ პოზიციაზე ბალკანელებს პრობლემები ჰქონდათ – ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევა და პენალტი მისი ბრალი იყო.

„ამ დროს კონცენტრაცია დავკარგე, ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამის შემდეგ ჩვენ საუკეთესოდ ვითამაშეთ, ანგარიშიც გავთანაბრეთ და მართლაც ურთულესი მატჩი ღირსეულად ჩავატარეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ორი შეხვედრა სომხეთთან და საქართველოსთან კარგი შედეგით დაგვესრულებინა და ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ – უკვე ოთხი ქულა გვაქვს”,- ამბობს ეზგიან ალიოსკი.

„ლიდსის“ 28 წლის ვინგერის თქმით, ახლა მთელი ყურადღება ერთა ლიგის პირველი გათამაშების ნახევარფინალზეა:

„ახლა ჩვენ მხოლოდ კოსოვოზე ვართ ორიენტირებული. გვწამს ჩვენი ძალების. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მატჩი მოვიგოთ და გავიდეთ ერთა ლიგის ფინალში, რათა მივაღწიოთ სასურველ მიზანს – ევროპის ჩემპიონატს“.