ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი - რაღა უნდა ვთქვა, ეს არის ჩვენი მაქსიმუმი #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი - რაღა უნდა ვთქვა, ეს არის ჩვენი მაქსიმუმი #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მიზეზი ზედმეტად გადატვირთული სათამაშო გრაფიკი იყო, რომლის გამოც მისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი დაშავდა.

სკოპიეს სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე მან დრო თამაშზე მეტად ელმასის, ტრაიკოვსკის და სხვების შეცვლასთან დაკავშირებით ვითარების განმარტებას დაუთმო.

მილევსკიმ თქვა, რომ ელმასმა ტრავმის გამო შეცვლა მოითხოვა, ბარდის მატჩის ბოლომდე დარჩენა სურდა, ტრაიკოვსკი კი ასევე ტრავმირებულია.

„ელმასმა იგრძნო ტკივილი საზარდულის არეში და შეცვლა მოითხოვა. ენის ბარდი დაჟინებით მოითხოვდა ბოლომდე დარჩენილიყო, რადგან იცოდა, რომ მისი შეცვლა არ გვსურდა. ამიტომ ბოლო 15 წუთის განმავლობაში დაჭიმული კუნთებით თამაშობდა. ტრაიკოვსკი ტრავმის გამო შევცვალეთ, რისტოვსკი – დაღლილობის გამო“, – ამბობს მილევსკი.

მან უეფა-ს განრიგთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა და ამბობს, რომ სეზონის ბოლოს 10 დღეში ოთხი მატჩის თამაში სიგიჟეა: 

„ეს სიგიჟეა. ათ დღეში ოთხი მატჩი არაადამიანურია მოთამაშეებისთვის და მით უმეტეს, ასეთი დაძაბული და ინტენსიური ტურნირისთვის“.

მილევსკიმ საქართველოს ნაკრების გამარჯვება მაინც ღირსეულად დააფასა: 

„ბიჭებმა 60 წუთი მაღალ დონეზე ითამაშეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მატჩი წავაგეთ და რაღა უნდა ვთქვა, მივულოცავ მეტოქეს. ამ დროს, ამ მომენტში, ჩვენი ფიზიკური მომზადებით ეს არის ჩვენი მაქსიმუმი. ქართველებმა ამაში გავჯობეს“.