ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი დაუდგენელი ჭურვი გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი დაუდგენელი ჭურვი გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი დაუდგენელი ჭურვი გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთკორეული სააგენტო „იონჰაპი“ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დაუდგენელი ობიექტები ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ ნაწილიდან გაუშვეს. გაშვებული ჭურვი სავარაუდოდ ახლო რადიუსზე მოქმედებს.

სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ვითარებას აკვირდებიან და საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

ეს მიმდინარე წლის ივნისში დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ორი კორეის საზღვარზე გამართული შეხვედრის შემდეგ ფხენიანის მიერ ჩატარებული იარაღის გამოცდის მერვე შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ გამოცდამდე ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის, სექტემბერში აშშ-სთან ყოვლისმომცველი მოლაპარაკებები გამართოს.

დატოვე კომენტარი