ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ჭურვი გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ჭურვი გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ჭურვი გაუშვა. ამის შესახებ „ბიბისი“ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. თავდაცვის უწყების ცნობით, ამოუცნობი ტიპის ორი ჭურვი ფხენიან-ნამდოს პროვინციაში გამოსცადეს.

აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების პარალელურად, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სრულ მზადყოფნაშია და რეგიონში მდგომარეობის განვითარებას აკვირდება.

2019 წელს ჩრდილოეთ კორეამ უკვე 10-ზე მეტი რაკეტა და რეაქტიული ჭურვი გამოსცადა. უკანასკნელი ცდა ფხენიანმა 2 ოქტომბერს ჩაატარა. მაშინ ჩრდილოეთ კორეაში ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომელიც 450 კილომეტრს ფარავს.

ფხენიანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ შვედეთში შედგა, თუმცა მოლაპარაკებების დროს მხარეებს რაიმე სახის პროგრესისთვის არ მიუღწევიათ.