ჩოგბურთის თამაში 14 ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი - შვედეთში ტურნირების ჩატარებაც შეიძლება
ჩოგბურთის თამაში 14 ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი - შვედეთში ტურნირების ჩატარებაც შეიძლება

ორგანიზაცია „ტენის ეუროპ“-მა (Tennis Europe) გამოაქვეყნა ანგარიში ევროპულ ქვეყნებში ჩოგბურთთან დაკავშირებული დღევანდელი სიტუაციის შესახებ. ანგარიში მოიცავს იმ ინფორმაციასაც, თუ რომელ ქვეყანაში შეიძლება თამაში, ან ვარჯიში გარკვეული შეზღუდვებით და სად არის ეს მკაცრად აკრძალული.

შვედეთი დღეს ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია ადგილობრივი და რეგიონალური ტურნირების ჩატარება. ამასთან, ეროვნული მასშტაბის ტურნირების გამართვა აკრძალულია, საჩოგბურთო კორტები კი შეზღუდვებით მუშაობს.

დღეს, ჩოგბურთის შეზღუდვებით თამაში შესაძლებელია მხოლოდ 14 ევროპულ ქვეყანაში: შვედეთში, ჩეხეთში, ბელარუსში, ესტონეთში, ფინეთში, უნგრეთში, ისრაელში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, გერმანიაში, ისლანდიასა და პოლონეთში.

შეგახსენებთ, რომ ATP-ის, WTA-სა და ITF-ის ტურნირების 13 ივლისამდეა შეჩერებული. აკრძალვა, შესაძლოა, სამ აგვისტომდე გაგრძელდეს.